Skip to content Skip to sidebar Skip to footer

მეკო კვირიკაშვილი

„ზუსტია“! , ამ ფრაზის გაგონებაზე ყველაზე მეტად ქართული რაგბის გულშემატკივარს მერაბ კვირიკაშვილი გაგვახსენდება. მოედნის ნებისმიერი წერტილიდან, ცივი გამოხედვითა და ბურთთან მუდმივი მზერით, ძელებს შორის ოვალური ფორმის ნივთის ჩავლა იმის მომასწავებელი იყო, რომ კვირიკაშვილის დარტყმა ისევ ზუსტია.
ყველაფერი თბილისში, „ლელო სარასენსში“, დაიწყო. თავიდან ის 9- ნომერზე თამაშობდა და 2003 წელს, როდესაც საქართველომ პირველად მიიღო მსოფლიო თასზე მონაწილეობა კვირიკაშვილი ამ პოზიციაზე ასპარეზობდა, თუმცა დროის გასვლის შემდეგ მისი სათამაშო პოზიციაც შეიცვალა,რომელიც ერთ დიდ ისტორიათ იქცა.
2007 წლის მსოფლიო თასი მეკომ მისთვის დამახასიათებელ პოზიციაზე ჩაატარა. 10-ზე კვირიკაშვილის დგომა ერთი დიდი ფუფუნება იყო ქართველი გულშემატკივრისთვის. ფანტაზიის ულევი წყარო, რომელიც დაკარგული სიტუაციიდან ქმნიდა არარეალურ მომენტს, შეიძლება ეს პასით, ფეხის დარტყმით ან თავის თავზე თამაშის აღებით მოეხერხებინა.
მისთვის საბოლოო პოზიცია ფულბექი აღმოჩნდა, სახეცვლილი,მაგრამ ისეთივე სახიფათო, ეს ისევ მერაბ კვირიკაშვილი იყო, მოედნის სიღრმეში მოძრაობდა და სივრცეს ეძებდა, რომელსაც შემდეგ მომენტად აქცევდა. მისი მაგიური ფეხი ეს ცალკე სასაუბრო თემაა, ცაცია, როგორც ვუწოდებთ, ყოველთვის მოწოდების სიმაღლეზე იყო და მისი იმედი ქართველ გულშემატკივარს სულ ჰქონდა. რამდენი ბედნიერი მომენტი უჩუქებია უბრალოდ ამის გახსენებაც საკმარისი იქნება, რომ ამაში დავრწმუნდეთ.
მერაბის საკლუბო კარიერია ძირითადად საფრანგეთში განვითარდა,სადაც Pro D2-სა და Federal-ში გამოდიოდა, ხოლო კარიერის მიწურულს ის ისევ საქართველოსა და მის მშობლიურ კლუბს,ლელო სარასენსს, დაუბრუნდა, საიდანაც პირველ ლიგაში მოასპარეზე სტეფანწმინდის „ყაზბეგის“ კვართი მოირგო და ირაკლი ყიასაშვილთან ერთად გუნდის ისტორიაში პირველად უმაღლეს ლიგაში ამოიყვანა.
ჰაეროვანი, მიზანმიმართული და რთულად ამოსაცნობი მოძრაობები, დიახ, ეს მერაბ კვირიკაშვილის დამახასიათებელი სარაგბო თვისებები იყო. თავისა და ფეხების საერთო მოძრაობა მეტოქის ადგილზე გაშეშებას იწვევდა. იმ თაობის ახალგაზრდა მორაგბეებისთვის, რომლებიც ნაკრების თამაშებს უცქერდნენ, კვირიკაშვილის ეს მოძრაობა ყველასთვის მისაბაძი იყო და ბევრისთვის რთულად შესასრულებელი, შეიძლება ფეხი ზუსტად ისე ჩაგედგა მოძრაობის დროს, როგორც ამას მერაბი აკეთებდა, მაგრამ თავს ვერ ააყოლებდი, თავს ააყოლებდი და ფეხს ვერ ჩადგავდი. მეკოსთან შეხვედრის დროს ვუთხარი ამის შესახებ თუ, როგორ აკეთებდა ამ მოძრაობას, მაგრამ პასუხად მხოლოდ ღიმილი მომგვარა, რომელიც ჩემთის ბევრის მთქმელი იყო.
მერაბ კვირიკაშვილმა სარაგბო კარიერა დაასრულა, ეპოქა, რომელიც საკმაოდ დიდ ხანს გვაბედნიერებდა და სიამოვნებას გვანიჭებდა. ასპარეზობა 4 მსოფლიო თასზე, 115 კეპი და 840 ქულა (საუკეთესო შედეგი) ეროვნული ნაკრების კვართით, ეს ის მცირე ჩამონათვალია, რაც მერაბს ქართველი გულშემატკივრისთვის აქვს გაკეთებული. მეკოს კარიერის დასასრულთან ერთად, ერთი დიდი ქართული სარაგბო ისტორიაც დამთავრდა, რომლის გახსენებაც ყველასთვის სიამოვნების მომნიჭებელი იქნება.